English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ანა ჩაგელიშვილი
საქართველო მსოფლიო რეიტინგებში: ცოდნა, ტალანტკონკურენტუნარიანობა, ადამიანური კაპიტალი და განვითარება

ანოტაცია. ქვეყნის ადამიანური განვითარების შეფასება მრავალი ფაქტორის გააზრებას მოითხოვს, რისთვისაც მოქნილ საშუალებას წარმოადგენს სხვადასხვა ინდექსებისა და მათი კომპონენტების ანალიზი. წინამდებარე სტატია სწორედ ზემოაღნიშნულ მიზანს ისახავს და საქართველოს მოსახლეობის განვითარების, განათლების, ცოდნისა თუ ადამიანური კაპიტალის შესაბამის ინდექსებს განიხილავს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, თუ რამდენად არის შესაძლებელი ამგვარი ინდექსებით ქვეყნის ადამიანური განვითარების რეალური მდგომარეობის შეფასება და რა პრობლემებს ვხვდებით აღნიშნულ პროცესში.

საკვანძო სიტყვები: ადამიანური განვითარების ინდექსი; გენდერული განვითარების ინდექსი; გლობალური ცოდნის ინდექსი; ადამიანური კაპიტალის ინდექსი; ტალანტ კონკურენტუნარიანობის გლობალური ინდექსი.

შესავალი

აქტუალობა. მოსახლეობის განვითარება ყველა ქვეყნის მიზანია. იგი მხოლოდ ეკონომიკური შედეგების მიღწევას არ გულისხმობს და დაკავშირებულია განვითარებისათვის მნიშვნელოვან სხვა ფაქტორებთან, მათ შორის ადამიანური კაპიტალისა თუ ცოდნის დაგროვებასთან, განათლებასთან, განვითარებისათვის ხელშემწყობი გარემოს ფორმირებასთან, ტალანტების მართვასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით, მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებისა თუ ინდექსების კვლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოუყრის თავს რეფორმების ეფექტიანობის შეფასებისათვის და სამომავლო განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის.

კვლევის მიზნები და ამოცანები. ნაშრომის მიზანია საქართველოს მოსახლეობის, როგორც ადამიანური რესურსების, განვითარებისათვის მნიშვნელოვანი მსოფლიო ინდექსების მიმოხილვა და შესაბამის მიმართულებებში არსებული პრობლემების გამოვლენა, რისთვისაც განსაზღვრულია შემდეგი ამოცანები: ადამიანური განვითარების ინდექსის, უთანასწორობის მიხედვით კორექტირებული ადამიანური განვითარების ინდექსის, გენდერული განვითარების ინდექსის, გლობალური ცოდნის ინდექსის, ადამიანური კაპიტალის ინდექსისა და ტალანტ კონკურენტუნარიანობის გლობალური ინდექსის მიმოხილვა.

მეთოდოლოგია. კვლევის მიზნის მისაღწევად გამოყენებულია ანალიზისა და სინთეზის ტექნიკები და სამაგიდე კვლევა, რომელიც ძირითადად ეფუძნება მსოფლიო დონის ორგანიზაციებისა თუ კვლევითი ცენტრების რელევანტურ ანგარიშებს, კვლევებსა და მონაცემებს.

შედეგები და სიახლე. ნაშრომი თავს უყრის საქართველოს მონაცემებს განვითარების მიმართულებით არსებული ინდექსების მიხედვით, აანალიზებს და აფასებს პრობლემებს, ხოლო სიახლეს კი წარმოადგენს ავტორისეული დასკვნები თუ რეკომენდაციები. 

ადამიანური და გენდერული განვითარების ინდექსები

ინდექსები და რეიტინგები ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული მაჩვენებლები არიან, რომლებიც ქვეყნის რეალურ მდგომარეობას მხოლოდ მიახლოებით აფასებენ. მათი ვალიდურობის განმსაზღვრელად კი მიიჩნევა მონაცემთა ხარისხი; გაანგარიშების მეთოდოლოგია; რეიტინგში არსებული ქვეყნების რაოდენობა და სტრუქტურა [ბენდელიანი 2012: 4]. სწორედ ამიტომ, მათი განყენებულად განხილვის ნაცვლად, გაცილებით ეფექტიანი იქნება ერთობლივი ანალიზი და შედარება.

ქვეყნის მოსახლეობის, როგორც ადამიანური რესურსების განვითარებისა და მაკროეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ცნობილი საშუალებაა ადამიანური განვითარების ინდექსი HDI (Human Development Index). ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, იგი ხაზს უსვამს ქვეყნის განვითარებაში ადამიანებისა და მათი შესაძლებლობების მნიშვნელობას. HDI არის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის, ცხოვრების დონისა (მეშ 1 სულ მოსახლეზე (მსყ. უნ. გათვალისწინებით, $)) და ცოდნის (25 წელზე უფროსი ადამიანების სასკოლო განათლება და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სწავლის მოსალოდნელი წლები) განზომილებების გეომეტრიული საშუალო და ქვეყნებს 0-დან 1-მდე მაჩვენებლით აფასებს. შედეგად, HDI აერთიანებს (იხ. დიაგრამა  1) სიცოცხლის ხანგრძლივობის ინდექსს, განათლების ინდექსს და მეშ ინდექსს [UNDP, 2020].

დიაგრამა  1. საქართველოს HDIდა მისი სუბინდექსები, 1990-2019 წლები (5 წლიანი ინტერვალით)

 

წყარო: UNDP, 2020

2000 წლიდან მოყოლებული, საქართველოს HDI თითქმის მუდმივად აღემატება (იხ. დიაგრამა  2) რეგიონისა და მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს [UNDP, 2020].

დიაგრამა  2. ადამიანური განვითარების ინდექსი 2000-2019 წლებში (5 წლიანი ინტერვალით), საქართველო-ევროპა და ცენტრალური აზია-მსოფლიო

 

წყარო: UNDP, 2020

ბოლო, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს HDI 0.812-ია (იხ. სქემა 1), რითაც ქვეყნების სიაში საქართველო 61-ე ადგილზეა და ძალიან მაღალი ადამიანური განვითარების მქონე ქვეყნების ჯგუფშია. რეიტინგში იგი უსწრებს აზერბაიჯანს (88-ე პოზიცია) და სომხეთს (81-ე პოზიცია), თუმცა, ჩამორჩება თურქეთს (54-ე პოზიცია) და რუსეთს (52-ე პოზიცია) [UNDP, 2020: 347-352].

სქემა1. საქართველოს HDIდა მისი კომპონენტები, 2019 წელი

 

წყარო: UNDP, 2020

HDI-ს არაერთი კრიტიკოსი ჰყავს. მას აკრიტიკებენ მწირი მონაცემების გამო, კომპონენტების თანაბარი წილით წარმოდგენაში[1], ასევე ხარვეზად არის მიჩნეული ის, რომ ინდექსი ზომავს არა განათლების ხარისხს, არამედ ხელმისაწვდომობას, ხოლო ჯანმრთელობის შემთხვევაში არცერთ მათგანს არ აფასებს [ბენდელიანი, 2012: 6, 18].

რადგანაც HDI არ ითვალისწინებს მოსახლეობის უთანასწორობას, მის პარალელურად, 2010 წლიდან გამოითვლება უთანასწორობის მიხედვით კორექტირებული ადამიანური განვითარების ინდექსი - IHDI (Inequality-adjusted Human Development Index), რომელსაც განვითარების რეალურ მაჩვენებლად, ხოლო თავად HDI პოტენციურ ინდექსად მიიჩნევენ [UNDP, 2020]. 2019 წელს IHDI 0.716-ია (იხ. დიაგრამა  3), რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს საქართველომ ადამიანური განვითარების 11.8% დაკარგა უთანასწორობის გამო  [UNDP, 2020].

დიაგრამა  3. საქართველოს HDI და IHDI, 2010-2019 წლები

 

წყარო: UNDP, 2020

მნიშვნელოვანია ადამიანური განვითარების ინდექსის გენდერულ ჭრილში განხილვაც, რის საშუალებასაც გენდერული განვითარების ინდექსი GDI (Gender Development Index) იძლევა. იგი არის ქალებისა და კაცების HDI -ის თანაფარდობა. რადგანაც ყოველწლიურად ქალებისა და კაცების HDI მზარდია, ასევე მზარდია GDI-იც და 2019 წლის მონაცემებით 0.98-ს (იხ. დიაგრამა  4) უტოლდება. აღსანიშნავია, რომ კაცების HDI აღემატება ქალების იმავე მაჩვენებელს [UNDP, 2020].

დიაგრამა  4. საქართველოს GDI 2010-2019 წლებში:ქალების და კაცების HDI-ის შედარება

 

წყარო: UNDP, 2020

HDI დაანგარიშების მეთოდოლოგია წლების განმავლობაში იცვლებოდა და მკვეთრად გაუმჯობესებული მაჩვენებლები შესაძლოა სწორედ  აღნიშნულ მიზეზს უკავშირდებოდეს. 2010 წელს, საქართველოს გადანაცვლებას მაღალი განვითარების დონის მქონე ქვეყნების ჯგუფში სწორედ ამგვარ ცვლილებას უკავშირებენ და არა მაჩვენებლების გაუმჯობესებას [ბენდელიანი, 2012: 18].

დასკვნის სახით შესაძლოა ვთქვათ, რომ საქართველოს HDI-ის კომპონენტების არათანაბარი ზრდა ბალანსდება საერთო მაჩვენებელში, მაგალითად, წლების განმავლობაში, საქართველოს შემოსავლების ინდექსს გამუდმებით აღემატება სიცოცხლის ხანგრძლივობის ინდექსი. ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ IHDI მნიშვნელოვნად ჩამორჩება HDI ინდექსს, შედეგად, საქართველო ყოველწლიურად 10%-ზე მეტს კარგავდ ადამიანურ განვითარებაში. HDI-ის გენდერულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქალების HDI თითქმის ყოველწლიურად მცირედით ჩამორჩება კაცების HDI-ს, თუმცა, რადგანაც ორივე სქესის შემთხვევაში მზარდია HDI, ასევე მზარდია GDI-იც.

 გლობალური ცოდნის ინდექსი და ადამიანური კაპიტალის ინდექსი

HDI-ის ნაკლოვანებებს გარკვეულწილად ავსებს გლობალური ცოდნის ინდექსი GKI (Global Knowledge Index). იგი ეყრდნობა 7 ქვეინდექსს და მათ კორელაციურ კავშირს (იხ. სქემა 2) [UNDP & MBRF, 2021: 3-4, 218-220].

სქემა2. გლობალური ცოდნის ინდექსის ქვეინდექსები

 

წყარო: UNDP & MBRF, 2021: 12

2021 წლის 51.3 მაჩვენებლით (იხ. დიაგრამა  5) საქართველო მსოფლიოს საშუალოსაც კი აღემატება და 154 ქვეყანას შორის მე-60 პოზიციაზეა. რეიტინგში იგი უსწრებს სომხეთს (71-ე ადგილი), აზერბაიჯანს (96-ე ადგილი), თურქეთს (77-ე ადგილი), თუმცა, ჩამორჩება რუსეთს (54-ე ადგილი)  [UNDP & MBRF, 2021: 3-4, 218-220].

დიაგრამა  5. გლობალური ცოდნის ინდექსი და მისი სუბინდექსები, საქართველო და მსოფლიო, 2021 წელი

 

წყარო: UNDP & MBRF, 2021: 12

რაც შეეხება ადამიანური კაპიტალის ინდექსს HCI (Human Capital Index), იგი წარმოაჩენს თუ როგორ განაპირობებს ადამიანების ჯანმრთელობისა და განათლების გაუმჯობესება სამუშაო ძალის მომავალ პროდუქტიულობას[2]. ინდექსი მოიცავს გადარჩენის, სასკოლო განათლებისა და ჯანმრთელობის ელემენტებს (იხ. სქემა 3). მსოფლიო ბანკის 2020 წლის ანგარიშის შესაბამისად, საქართველოს ადამიანური კაპიტალის ინდექსი 0.57-ია, ანუ, განათლებისა და ჯანმრთელობის იდეალურ პირობებში, საქართველოში დაბადებული ბავშვი ზრდასრულ ასაკში პროდუქტიულობის 57%-ს მიაღწევს. აღნიშნული ინდექსით საქართველო ჩამორჩება ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელსა (0.69) და მეზობელ ქვეყნებს: სომხეთს (0.58), აზერბაიჯანს (0.58), რუსეთსა (0.68) და თურქეთს (0.65) [World Bank, 2020: 16-18, 195-201].

სქემა3. ადამიანური კაპიტალის ინდექსის ელემენტები საქართველოსთვის, 2020 წელი

 

წყარო: World Bank, 2020: 197

ზოგადად, ადამიანური კაპიტალის დაგროვების პროცესზე გავლენას ახდენს ეკონომიკური სიტუაცია და პირიქით, ადამიანური კაპიტალის განვითარება განაპირობებს ეკონომიკის განვითარებას. წინა წლებთან შედარებით, საქართველოს HCI გაუარესებულია, რასაც სწორედ ეკონომიკის მდგომარეობას უკავშირებენ  [Kharkheli, 2022: 63]. 

ტალანტ კონკურენტუნარიანობის გლობალური ინდექსი

ტალანტ კონკურენტუნარიანობის გლობალური ინდექსი GTCI (The Global Talent Competitiveness Index) ყოველწლიურად აფასებს თუ როგორ იზრდება, იზიდავს და ინარჩუნებს ტალანტებს ესა თუ ის ქვეყანა (იხ. სქემა 4). 2021 წლის მეთოდოლოგიის მიხედვით, GTCI აერთიანებს 2 სუბინდექსს: 1) GTCI შემავალი სუბინდექსი ეფუძნება ტალანტის გასაძლიერებელ პოლიტიკას, რესურსებსა და ძალისხმევას; 2) GTCI გამავალი სუბინდექსი, რომლის მიზანია ზემოაღნიშნული პოლიტიკის, რესურსებისა და ძალისხმევის შედეგის - ქვეყანაში არსებული ტალანტის ხარისხის აღწერა და გაზომვა. GTCI ამ 2 სუბინდექსის 6 სვეტის საშუალო არითმეტიკულია [INSEAD, Portulans Institute & Accenture, 2021: 9-10].

სქემა4. ტალანტების კონკურენტუნარიანობის გლობალური ინდექსის მოდელი 2021 და საქართველოს GTCI-ის კომპონენტების ქულები

 

წყარო: INSEAD, Portulans Institute & Accenture, 2021: 9-10, 126

2021 წელს საქართველოს GTCI 49.94-ია, რაც მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფის საშუალო ქულაზე (45.84) მეტია. 134 ქვეყნის რეიტინგში საქართველო 53-ე ადგილზეა და უსწრებს აზერბაიჯანს (54-ე ადგილი), თურქეთს (76-ე ადგილი) და სომხეთს (57 ადგილი), თუმცა, ჩამორჩება რუსეთს (45-ე ადგილი) [INSEAD, Portulans Institute & Accenture, 2021: 15-16].

GTCI მრავალ მონაცემზე აგებული ინდექსია (იხ. სქემა 4). 6 კომპონენტში ყველაზე დაბალი ქულა ზრდის ნაწილშია (28.86), ხოლო აღნიშნულ ელემენტში თავის მხრივ ყველაზე დაბალია უწყვეტი სწავლის მაჩვენებელი (15.24). ყველაზე მაღალი ქულა (61.21) პროფესიულ-ტექნიკური უნარების კომპონენტში შეინიშნება, სადაც თავის მხრივ მაღალ ქულას ავლენს საშუალო დონის უნარები (64.46): ტექნიკოსები და ასოცირებული პროფესიონალები (39.67), საშუალო განათლების მქონე მოსახლეობა (82.59) და სამუშაო ძალა (75.22), შრომის პროდუქტიულობა 1 თანამშრომელზე (60.37) [INSEAD, Portulans Institute & Accenture, 2021: 126].

ბოლო 5 წლის განმავლობაში GTCI ავლენს როგორც შემცირების, ასევე ზრდის (იხ. დიაგრამა  7) ტენდენციას [INSEAD, 2022], სადაც, ასევე გასათვალისწინებელია დაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილებაც.

დიაგრამა  7. GTCI საქართველოსთვის, 2017-2021 წლები

 

წყარო: INSEAD, 2022

 დასკვნები და რეკომენდაციები

მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანური განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს საქართველოს, არ ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მთელი რიგი ფაქტორების იმავე მდგომარეობას. ზემოთ განხილული ინდექსების ანალიზმა აჩვენა, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს HDI, IHDI და GDI ინდექსებში ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს, რასაც ვერ ვხვდებით 2021 წლის GKI-ისა, 2020 წლის HCI-ისა  და 2021 წლის GTCI-ის შემთხვევებში, სადაც საშუალო მაჩვენებლებია. განხილული ინდექსების რეიტინგებში საქართველო უმეტესწილად უსწრებს მეზობლებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს, თუმცა, ჩამორჩება რუსეთსა და თურქეთს.

იმის გამო, რომ ხშირად კომპონენტები ერთმანეთს აბალანსებენ მთლიან მაჩვენებელში, ზემოაღნიშნული ინდექსების განხილვა უფრო მეტად გამოსადეგია ქვეყნების (მაგალითად მეზობელ ქვეყნებთან) შედარებისათვის, ხოლო მათი დინამიკაში განხილვა ხშირ შემთხვევაში არაა გამართლებული, თუნდაც მეთოდოლოგიის ხშირი ცვლილების გამო. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბენდელიანი ნ., 2012. ადამიანის განვითარების ინდექსის მიღმა: ადამიანზე ორიენტირებული განვითარების შეფასება საქართველოში, კვლევითი ანგარიში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. ბოლო ნახვა 27 მაისი, 2022. http://css.ge/wp-content/uploads/2019/07/nani_beyond_geo.pdf.
  2. INSEAD. 2022. Global Talent Competitiveness Index. Accessed June 2, 2022. https://www.insead.edu/faculty-research/research/gtci.
  3. INSEAD, Portulans Institute & Accenture. 2021. The Global Talent Competitiveness Index 2021: Talent Competitiveness in Times of COVID. Fontainebleau. Accessed June 2, 2022. https://www.insead.edu/sites/default/files/assets/dept/fr/gtci/GTCI-2021-Report.pdf.
  4. Kharkheli, M., 2022, The Impact Of The Pandemic On Human Capital. Human Capital Index. J: „Globalization and Business“, N:13, P:61-64. Accessed June 3, 2022. doi:https://doi.org/10.35945/gb.2022.13.009.
  5. UNDP & MBRF. 2021. Dubai: Al Ghurair Printing and Publishing. Accessed May 12, 2022. https://www.undp.org/publications/global-knowledge-index-2021?utm_source=EN&utm_medium=GSR&utm_content=US_UNDP_ PaidSearch_Brand_English&utm_campaign=CENTRAL&c_src=CENTRAL&c_ src2=GSR&gclid=Cj0KCQjw4PKTBhD8ARIsAHChzRIUE-vn8gY- OEDn2PUeOWiwWkIK7SqlODufklFrPdM.
  6. UNDP. 2020. Human Development Indicators, Georgia profile. Accessed May 30, 2022. https://hdr.undp.org/en/countries/profiles/GEO.
  7. UNDP. 2020. Human Development Report 2020: The Next Frontier-Human Development and the Anthropocene. Accessed May 12, 2022. https://hdr.undp.org/sites/default/files/hdr2020.pdf.
  8. UNDP. 2020. Human Development Reports. Accessed May 30, 2022. https://hdr.undp.org/en/content/download-data.
  9. UNDP. 2020. UNDP: Human Development Index. Accessed May 27, 2022. https://hdr.undp.org/sites/default/files/hdr2020_technical_notes.pdf..
  10. World Bank. 2020. The Human Capital Index 2020 Update : Human Capital in the Time of COVID-19. Washington, DC: World Bank. Accessed June 1, 2022. https://openknowledge.worldbank.org/handle/10986/34432.


[1] გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იწვევდეს რომელიმე კომპონენტის მიერ სხვის კომპენსირებას.

[2] იმ დაშვებით, რომ დღეს დაბადებული ადამიანებისთვის მომდევნო 18 წლის განმავლობაში ჯანმრთელობისა და განათლების სფეროში იგივე შესაძლებლობები იქნება.